დონალდ ტრამპი უკვე ნიუ იორკშია და 4 აპრილს მანჰეტენის პროკურატურაში გამოცხადდება
აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ნიუ იორკშია, სადაც ის ფლორიდიდან ჩავიდა.
ტრამპი 4 აპრილს მანჰეტენის პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ და ის პირველი ექსპრეზიდენტი იქნება, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ოფიციალურად წარუდგინეს.
მანამდე ტრამპი მანჰეტენზე „ტრამპ თაუერის“ რეზიდენციაში გაატარებს ღამეს.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, 4 აპრილს ბრალს წაუყენებენ.
საქმე ეხება დონალდ ტრამპის ადვოკატის მიერ 2016 წლის არჩევნებამდე პორნომსახიობისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას, რასაც ნიუ იორკის პროკურატურა ხუთი წლის განმავლობაში იძიებს. ყოფილი პორნოვარსკვლავი სტორმი დანიელსი აცხადებს, რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა მას 130 ათასი დოლარი გადაუხადა ტრამპთან კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ. თავად ყოფილი პრეზიდენტი დანიელსთან სექსუალურ კავშირს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.