დონალდ ტრამპი უკრაინულ კომპანია „ბურისმაზე“ ჰაკერების თავდასხმის საკითხს ვლადიმერ პუტინთან განიხილავს
დონალდ ტრამპი უკრაინულ კომპანია „ბურისმაზე“ ჰაკერების თავდასხმის საკითხს ვლადიმერ პუტინთან საუბრის დროს განიხილავს. ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში გააკეთეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა მხარემ „ბურისმაზე“ კიბერთავდასხმის გამოძიებაში, დახმარების თხოვნით, აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს მიმართა.
ამერიკული მედიის ცნობით, კომპანია „ბურისმაზე“თავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა მოაწყვეს.
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ კიბერდამნაშავეები, სავარაუდოდ, ჯო ბაიდენსა და მის შვილზე კომპრომატებს ეძებდნენ.
როგორც ცნობილია, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შვილი ჰანთერ ბაიდენი უკრაინულ ენერგოკომპანია „ბურისმაში“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.
2019 წლის ივლისში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის მოუწოდა, აღნიშნულ კომპანიაში ბაიდენის საქმიანობით დაინტერესდეს და გამოძიება დაიწყოს.
ამ სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნების შემდეგ, დემოკრატებმა დონალდ ტრამპს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყეს.