დონალდ ტრამპი - უკრაინის პრეზიდენტი ახორციელებს ბინძურ თავდასხმებს ჩემზე
უკრაინის პრეზიდენტი ახლა ჩვენ ქვეყანაში იმყოფება, ის ახორციელებს ბინძურ თავდასხმებს თქვენ საყვარელ პრეზიდენტზე, ჩემზე, – ამის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მილიარდობით დოლარს აძლევენ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც უარს ამბობს გარიგებაზე.
„ჩვენ ვაგრძელებთ მილიარდობით დოლარის მიცემას იმ ადამიანისთვის, რომელიც უარს ამბობს გარიგებაზე, ანუ ზელენსკისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი არ იქნებიან ბედნიერები, ვიდრე ამერიკელ ბავშვებს ომში არ გაგზავნიან.
„ამერიკელ დედებსა და მამებს არ სურთ, მათი შვილები უკრაინასა და რუსეთს ებრძოდნენ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები საზღვარგარეთ იღუპებოდნენ“ – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, სამი წლის საშინელი ბრძოლების შემდეგ უკრაინა აბსოლუტურად განადგურებულია, ხოლო მილიონობით ადამიანია დაღუპული. როგორც ტრამპმა აღნიშნა, დანგრეული ნაწილის აღდგენას ასობით წელი დასჭირდება, ხოლო მისი სრულიად აღდგენა შეუძლებელი იქნება, რადგან ამისთვის საკმარისი ფული მთელ მსოფლიოში შეკრების შემთხვევაშიც კი არ იქნება.
„თქვენ ვეღარასდროს შეძლებთ ქალაქების აღდგენას მათი პირვანდელი სახით. ისინი ათასობით წლის იყო. სამი წლის წინ თქვენ გქონდათ ცივილიზაცია. მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც ახლა აღარ არიან“, – აღნიშნა ტრამპმა უკრაინაზე საუბრისას.