დონალდ ტრამპი - უკანასკნელი რვა წელია, ისინი, ვისაც სურს, ხელი შეგვიშალოს, ცილს მწამებენ, სხვადასხვა ბრალდებას მიყენებენ და ვინ იცის, იქნებ ჩემი მოკვლაც სცადეს, მაგრამ არასდროს შევწყვეტ თქვენთვის ბრძოლას
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში შეხვდა, სადაც დაახლოებით სამი თვის წინ თავს დაესხნენ. თავის გამოსვლაში ტრამპმა რამდენჯერმე გაიხსენა ივლისში განხორციელებული მკვლელობის მცდელობა და თქვა, რომ ამ მოვლენებმა მისი მხარდამჭერები გახადა „უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი და უფრო ახლოს გამარჯვებასთან, ვიდრე ოდესმე“.
„15 წამის განმავლობაში დრო გაჩერდა. მაგრამ ბოროტმოქმედმა თავის მიზანს ვერ მიაღწია“,-აღნიშნა ტრამპმა.
„თქვენ იმსახურებთ მთავრობას, რომელიც იცავს და პატივს სცემს საკუთარ მოქალაქეებს, რომელიც იცავს თქვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, ღირსებას და თავისუფლებას“,- განაცხადა ტრამპმა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა გააკრიტიკა თავისი პოლიტიკური ოპონენტები.
„უკანასკნელი რვა წელია, ისინი, ვისაც სურს, ხელი შეგვიშალოს, ცილს მწამებენ, სხვადასხვა ბრალდებას მიყენებენ, ცდილობდნენ ჩემი სახელის ბიულეტენიდან ამოღებას და ვინ იცის, იქნებ ჩემი მოკვლაც კი სცადეს. მაგრამ მე არასდროს შევწყვეტ თქვენთვის ბრძოლას”,-აღნიშნა ტრამპმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დევიდ ვენსი, ტრამპის შვილი ერიკ ტრამპი და მილიარდერი ილონ მასკი, რომელოიც ტრამპის მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, ტრამპმა უნდა გაიმარჯვოს „ამერიკაში კონსტიტუციისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად“.
„ეს არის ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები. აშშ-ში კონსტიტუციისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად, დონალდ ტრამპმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა მასკმა.