დონალდ ტრამპი „უიღბლოებად“ და „ავადმყოფებად“ მოიხსენიებს იმ პირებს, ვინც რუსეთთან კავშირში სდებს ბრალს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „უიღბლოებად“ და „ავადმყოფებად“ მოიხსენიებს იმ პირებს, ვინც მას რუსეთთან კავშირში სდებს ბრალს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიჩიგანში გამართულ მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
„სამწლიანი სიცრუის, ცილისწამებისა და ჭორების შემდეგ რუსეთთან დაკავშირებული სიცრუე საბოლოოდ დასრულდა. გაურკვევლობა და შეთქმულება დასრულდა,“ – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების მხარდამჭერები ძალაუფლების უკანონოდ მითვისების მცდელობაში დაადანაშაულა.
მისი შეფასებით, ამ გამოძიებამ ქვეყანა დააზიანა. მან ოპონენტები უიღბლოებად მოიხსენია და რუსეთთან კავშირში ბრალის დადებისთვის მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე ისაუბრა.
„ისინი ავადმყოფი ხალხია და პასუხისმგებლები უნდა იყვნენ, რადგან ეს ყველაფერი სიცრუეა და მათ ეს იციან,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ეს პირველი მხარდამჭერი აქციაა, რომელიც დონალდ ტრამპმა გამოძიების დასრულების შემდეგ გამართა.
სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც კვირას გამოქვეყნდა, საუბარია, რომ გამოძიებამ 2016 წლის არჩევნების დროს ტრამპის კამპანიის წევრების რუსეთთან შეთქმულების კავშირის დადგენა ვერ შეძლო.