დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ მეგან მარკლს „ცუდი“ უწოდა
დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ მეგან მარკლს „ცუდი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლს „ცუდი“ უწოდა.

„მე არასდროს მიწოდებია მეგან მარკლისთვის „ცუდი“. ეს გამოგონილია ყალბი ახალი ამბების მედიის მიერ“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ინტერვიუ გამოცემა „სან“-ს ბრიტანეთში ვიზიტამდე მისცა.

მეგან მარკლი საპრეზიდენტო არჩევნების დროს დონალდ ტრამპის კრიტიკოსი იყო. „ბიბისი“ წერს, რომ მეგან მარკლი ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს და დონალდ ტრამპს „ქალთმოძულედ“ მოიხსენიებდა.

„სან“-თან ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ პირველად ესმის მეგან მარკლის წინააღმდეგობრივი პოზიციის შესახებ.

„მე ეს არ ვიცოდი. რა შემიძლია, რომ ვთქვა. არ ვიცოდი, რომ ის „ცუდი“ იყო“, – ამბობს ტრამპი ინტერვიუში.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერში აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ მოხარულია მეგან მარკლის სამეფო ოჯახთან შეერთებით. დონალდ ტრამპი ბრიტანეთს 3-5 ივნისს ესტუმრება.