დონალდ ტრამპი - უახლოეს თვეებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობა გაჩნდება
უახლოეს თვეებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობა გაჩნდება, ამის შესახებ დონალდ ტრამპის მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ მისალოც წერილშია აღნიშნული.
წერილში, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიგზავნა, ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობიანმა და დემოკრატიულმა მოძრაობამ სომხეთს ახალი ეტაპი გაუხსნა. მისი თქმით, სომეხი ხალხის ნებაა კორუფციის აღმოფხვრა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა, კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებული მართვა. აშშ-ის პრეზიდენტი სომხეთის ახალ მთავრობასთან მუშაობის სურვილს გამოთქვამს და მადლობას უხდის ნატო-ს მისიებში მონაწილეობისთვის, ასევე სირიელი ლტოლვილების მიღებისთვის.
„რამდენიმე თვეში ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობა გაჩნდება, რამაც შესაძლოა, აშშ-სომხეთის თანამშრომლობაში ახალი შესაძლებლობები გააჩინოს. როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყანა, აშშ მზადაა კონფლიქტის გრძელვადიანი მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის თქვენთან ერთად იმუშაოს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.