დონალდ ტრამპი თურქეთის მიერ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაწყებულ ოპერაციას „ცუდ იდეას“ უწოდებს
დონალდ ტრამპი თურქეთის მიერ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაწყებულ ოპერაციას „ცუდ იდეას“ უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთის მიერ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაწყებულ ოპერაციას „ცუდ იდეას“ უწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

„დღეს დილით ნატო-ს წევრი თურქეთი შეიჭრა სირიაში. აშშ არ უჭერს მხარს ამ თავდასხმას და მკაფიოდ განუცხადა თურქეთს, რომ ეს ოპერაცია ცუდი იდეაა“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის ჩატარების ზონაში ამერიკელი სამხედროები არ იმყოფებიან.

„ჩემი პოლიტიკურ არენაზე შესვლის პირველი დღიდან მკაფიოდ განვაცხადე, რომ არ, მსურს ვიბრძოლო ამ დაუსრულებელ, უაზრო ომებში, განსაკუთრებით ისეთებში, რომლებსაც აშშ-სთვის სარგებელი არ მოაქვთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და იმედოვნებს, რომ თურქეთი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის.

„თურქეთმა აიღო ვალდებულება, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, რელიგიური უმცირესობები, ქრისტიანების ჩათვლით, უზრუნველყოს, რომ არ დაიწყოს ჰუმანიტარული კრიზისი და ჩვენ მოვითხოვთ მისგან ამ ვალდებულების შესრულებას“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრეზიდენტის განცხადებაში.

დღეს თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ აწილში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. საავიაციო და საარტილერიო იერიშს უკვე მოჰყვა მსხვერპლი.