დონალდ ტრამპი - თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც აშშ-ის საზღვარს უკანონოდ გადალახავენ, ქვეყანაში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც აშშ-ის საზღვარს უკანონოდ გადალახავენ, ქვეყანაში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ. პრეზიდენტი ამისთვის საიმიგრაციო კანონის გამკაცრებას გეგმავს. შედეგად, დოკუმენტების არმქონე მიგრანტებს დეპორტაციამდე დაკავების დროებით ცენტრებში გადაიყვანენ, თავშესაფრის მაძიებლები კი, რომლებიც უკანონოდ შევლენ ქვეყანაში, დაიბლოკებიან.
ცენტრალური ამერიკიდან აშშ-ის მიმართულებით დაძრულ მიგრანტების ქარავანს კი, დონალდ ტრამპი ქვეყნისთვის სახიფათოდ აფასებს.
პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიგრანტები საზღვრის გაძლიერებისთვის გაგზავნილი სამხედროების მიმართ ძალადობას გამოიჩენენ და ქვებს დაუშენენ, როგორც ეს მექსიკის შემთხვევაში მოხდა, სამხედროებისგან საპასუხო რეაგირება მოჰყვება.
„თუ მათ სურთ, ქვები დაუშინონ ჩვენს სამხედროებს, ჩვენი სამხედროები ამას უპასუხებენ. მე ვუთხარი მათ, განიხილონ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესაძლებლობა”, – აცხადებს პრეზიდენტი.