დონალდ ტრამპი სირიაში დაკავებული ტერორისტების გერმანიასა და საფრანგეთში დეპორტაციით დაიმუქრა
აშშ-ის პრეზიდენტი სირიაში დაკავებული ტერორისტების გერმანიასა და საფრანგეთში დეპორტაციით დაიმუქრა. საქმე ეხება ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს, რომლებიც წარმოშობით ევროპიდან არიან და ისინი სირიაში ქურთებმა დააკავეს.
„ჩვენ დავაკავეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ათასობით მებრძოლი. ევროპამ ისინი უნდა დაიბრუნოს,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, სირიაში დაკავებული წარმოშობით ევროპელი მებრძოლები მიიღოს. ტრამპმა ანალოგიური განცხადება თებერვალშიც გააკეთა. მან ასევე განმარტა, რომ აშშ-ი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების გუანტამოს ბაზაზე მდებარე ციხეში ათეულობით წლის განმავლობაში გაჩერებას არ აპირებს.
„თუ ევროპა მათ არ მიიღებს, არ მექნება სხვა არჩევანი, გარდა მათი გათავისუფლებისა იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანია და საფრანგეთი ამ დრომდე უარს ამბობენ სირიაში მყოფი „ისლამური სახელმწიფოს“ ყველა მებრძოლისა და მათი ბავშვების მიღებაზე.