დონალდ ტრამპი საუდის არაბეთისთვის რვა მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას ცდილობს
დონალდ ტრამპი საუდის არაბეთისთვის რვა მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას ცდილობს.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფედერალური კანონის ის ასპექტი გამოიყენა, რომელსაც საკმაოდ იშვიათად მიმართავენ. ამ ხერხით თეთრი სახლის ლიდერი საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით არსებული შეთანხმების სისრულეში მოყვანას კონგრესის გვერდის ავლით ცდილობს.
დონალდ ტრამპის განმარტებით, ამ გზას ირანთან არსებული დაძაბულობის ფონზე მიმართა, რადგან ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება ქვეყნისთვის საგანგებო ვითარებას უდრის.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ აშშ-ში პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ საუდის არაბეთმა იარაღი შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენოს.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, საუდის არაბეთთან ერთად აშშ-ი იარაღს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს და იორდანიასაც მიყიდის.
თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს მაიკ პომპეომ აცნობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ირანის ქმედებები იარაღის დაუყოვნებელი მიყიდვის აუცილებლობას ქმნის.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება მიიღო. ცოტა ხანში კი, ისლამურ რესპუბლიკას დოკუმენტის პირობებით გაუქმებული სანქციები დაუწესა. რამდენიმე კვირის წინ აშშ-მა ირანის მხრიდან მომდინარე გარკვეული საფრთხის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც, ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.