დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს თეთრ სახლში 20 მარტს უმასპინძლებს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა გააკეთა.
ამასთან, საუდის არაბეთის მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრინცი სალმანი ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ბოსტონში 19-22 მარტს ჩავა.
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მანამდე ეგვიპტესა და ბრიტანეთს ეწვია. მოჰამედ ბინ სალმანი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფათაჰ ალ-სისის 5 მარტს შეხვდა.
კაიროში პრინცი ტახტზე ასვლის შემდეგ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონული საკითხებზე, ასევე ტერორიზმსა და ექსტრემიზმზე ისაუბრეს ლონდონში, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც, სალმანის ვიზიტის ფარგლებში.პრინცი სალმანი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს შეხვდა.
ოპოზიციის ლიდერი, ჯერემი კორბინი ამბობს, რომ ბრიტანეთმა საუდის არაბეთს იარაღი აღარ უნდა მიყიდოს, მაშინ როდესაც ელ-რიადი იემენში დაბომბვებს აგრძელებს.
საუდის არაბეთში პრინცი სალმანი არაერთი სოციალური რეფორმის ავტორია, თუმცა უფლებადამცველების ნაწილი ამბობს, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი იემენის კონფლიქტის „მთავარი არქიტექტორია“.
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია სამხედრო ოპერაციას აჯანყებული შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ ატარებს. იემენის კონფლიქტს 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ნახევარზე მეტი კი მშვიდობიანი მოქალაქეა.