დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების დღის წესრიგის უზრუნველსაყოფად ეროვნული გვარდიის ჩართვის ინიციატივით გამოვიდა
დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების დღის წესრიგის უზრუნველსაყოფად ეროვნული გვარდიის ჩართვის ინიციატივით გამოვიდა.
გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ეს განცხადება აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად გააკეთა. ტრამპს ჰკითხეს, ელოდება თუ არა ქაოსს არჩევნების დღეს, რაზეც მან თქვა, რომ „თუ ეს მართლაც აუცილებელია“, სამხედროები უნდა გამოიძახონ „ზოგიერთი ავადმყოფი ადამიანისთვის, რადიკალი მემარცხენე გიჟებისთვის“.
ტრამპის აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა არის „ქვეყნის შიგნიდან მომდინარე ხალხი“.
„მათ ძალიან ადვილად უნდა გაუმკლავდნენ, თუ საჭირო გახდება, ნაციონალური გვარდია ან, თუ ეს მართლაც აუცილებელია, სამხედროები“, – განაცხადა ტრამპმა.
როდესაც ტრამპს ჰკითხეს, ელოდება თუ არა ქაოსს არჩევნების დღეს, მან უპასუხა: „არა მათგან, ვინც ტრამპს უჭერს მხარს“.
ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შტაბის წევრები უკვე გამოეხმაურნენ ტრამპის ამ განცხადებას.
„დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ მისი თანამემამულეები არიან უარესი „მტრები“, ვიდრე უცხოელი მოწინააღმდეგეები და ის ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ გამოიყენებს არმიას“, – განაცხადა კამპანიის წარმომადგენელმა, იან სამსმა.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ არჩევნების დღეს სამხედროების გამოყვანის იდეა იქნებოდა უპრეცედენტო ჩარევა ხმის მიცემის პროცესში, თუმცა 1807 წლის აჯანყების აქტი, რომელიც მიღებულ იქნა თომას ჯეფერსონის პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტს აძლევს უფლებამოსილებას, გამოიყენოს ნაციონალური გვარდია და სამხედრო ძალები აჯანყებებთან ან სხვა არეულობებთან საბრძოლველად.
ტრამპი პრეზიდენტობის დროს აცხადებდა, რომ გამოიყენებდა აღნიშნულ კანონს მინეაპოლისის პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ აგორებულ საპროტესტო აქციებზე საპასუხოდ, მაგრამ საბოლოოდ ეს არ გააკეთა.