დონალდ ტრამპი - რუსეთთან საერთო ენის გამონახვა ცუდი არ არის, კარგია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კრიტიკას პასუხობს, რომელიც მის მიერ ვლადიმერ პუტინის არჩევნებში მილოცვას უკავშირდება.
„მე დავურეკე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომ მიმელოცა არჩევნებში გამარჯვება. წარსულში იგივე ობამამაც გააკეთა. ყალბი ახალი ამბები გამწარდა, რადგან უნდოდათ, რომ ის გამეკრიტიკებინა. ისინი ცდებიან! რუსეთთან (და სხვა ქვეყნებთან) საერთო ენის გამონახვა ცუდი არ არის, კარგია.
მათ შეუძლიათ დახმარება ჩრდილოეთ კორეის, სირიის, უკრაინის, ISIS-ის, ირანის პრობლემებთან დაკავშირებით და შეიარაღების მოახლოებულ ჭიდილთან დაკავშირებითაც. ბუშმა სცადა საერთო ენის გამონახვა, მაგრამ გარემოცვაში „ჭკვიანები“ არ ჰყავდა. ობამამ და კლინტონმაც სცადეს, მაგრამ არ ჰქონდათ ენერგია ან ქიმია (გახსოვთ გადატვირთვა). ძალა შობს მშვიდობას!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ერთ-ერთი, ვინც ტრამპი გააკრიტიკა, სენატორი ჯონ მაკკეინი იყო.
„როცა დონალდ ტრამპი დიქტატორებს ყალბ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, ის თავისუფალი ქვეყნის ლიდერი არ არის“, – ნათქვამია მაკკეინის განცხადებაში.