დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტსა და საუდის არაბეთის მონარქს ნავთობის მოპოვების შემცირებაზე აღებული ვალდებულების გამო მადლობას უხდის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საუდის არაბეთის მონარქ სალმანს ნავთობის მოპოვების შემცირებაზე აღებული ვალდებულების გამო მადლობას უხდის.
„დიდი შეთანხმება ნავთობზე „ოპეკ პლუსთან“ მიღწეულია. ეს აშშ-ში დაზოგავს ასობით ათას სამუშაო ადგილს ენერგეტიკის სფეროში. მინდა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და საუდის არაბეთის მეფე სალმანს. ახლა ვესაუბრე მათ ოვალური კაბინეტიდან. შესანიშნავი შეთანხმებაა ყველასთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
„ოპეკ პლუსის“ ჯგუფის წევრი ქვეყნები ნავთობის წარმოებას 10 პროცენტით შეამცირებენ. მიღებული რეგულაციები მაისისა და ივნიში ნავთობის წარმოებას ყოველდღიურად 9,7 მილიონი ბარელით შეამცირებს. წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი ჯერ რვა მილიონამდე, ხოლო 2021 წლიდან 2022 წლის აპრილამდე ექვს მილიონამდე შემცირდება.
შეთანხმების წევრი ყველა ქვეყანა, მექსიკის გარდა, წარმოების 10 პროცენტით შემცირებაზე თანახმაა. მექსიკას, რომელიც წარმოების მხოლოდ 100,000 ბარელით შემცირებაზეა თანახმა, განკუთვნილი კვოტის შევსებაში ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება. თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი მზად არის, მექსიკის დასახმარებლად ამერიკაში ნავთობის წარმოება დამატებით 250,000 ბარელით შეამციროს.