დონალდ ტრამპი - რომ არა მე, ჰონგ კონგს ჩინეთი 14 წუთში გაანადგურებდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ არა ის, ჰონგ კონგს 14 წუთში გაანადგურებდა ჩინეთის ჯარი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
დონალდ ტრამპის თქმით, მან ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინ პინს უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჰონგ კონგში ჯარს გაგზავნიდა, ეს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებზე ცუდად აისახებოდა.
„სი ძინ პინს მილიონი სამხედრო ჰყავს ჰონგ კონგთან ახლოს. ისინი ჰონგ კონგში არ შედიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე ვთხოვე მას, ეს არ გაეკეთებინა, რადგან ამას ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა ექნებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჰონგ კონგში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე თვეა, იმართება. მასშტაბური მანიფესტაციების წევრები თავდაპირველად ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ახლა აქტივისტები დემოკრატიული რეფორმების გატარებასა და ჰონგ კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.