დონალდ ტრამპი - როგორ შეუძლია ჩემს კორუმპირებულ პოლიტიკურ ოპონენტს, თაღლით ჯო ბაიდენს, გამასამართლოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როცა დიდი სხვაობით ვიმარჯვებ
როგორ შეუძლია ჩემს კორუმპირებულ პოლიტიკურ ოპონენტს, თაღლით ჯო ბაიდენს, გამასამართლოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როცა დიდი სხვაობით ვიმარჯვებ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ ჰემფშირის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენი აიძულებს, დრო და ფული ფიქტიურ ფაბრიკაციებსა და ბრალდებებთან ბრძოლაში დაახარჯვინოს.
„გავაპროტესტე ჯორჯიის შტატში არჩევნები, რისი უფლებაც მაქვს და გულწრფელად მართალი ვიყავი. მათ უნდათ ბრალის წაყენება, რადგან არჩევნები გავაპროტესტე. არჩევნები გააპროტესტა ჰილარი კლინტონმა, სტეისი აბრამსმა და სხვებმა – ეს ნიშნავს თუ არა, რომ, პრაქტიკულად, ყველა „დემოკრატი“ აპროტესტებს არჩევნებს. ასე რომ, ეს ყველაფერი ეხება არჩევნებში ჩარევას. თაღლით ჯოს ახლა უნდა, რომ ყაჩაღმა პროკურორმა, ამ შეშლილმა ბიჭმა სასამართლოს ბრძანება წარადგინოს და წამართვას ჩემი პირველი შესწორების უფლებები, რათა ლაპარაკი არ შემეძლოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.