დონალდ ტრამპი რამდენიმე ევროპული კომპანიის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებით იმუქრება
დონალდ ტრამპი რამდენიმე ევროპული კომპანიის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებით იმუქრება

დონალდ ტრამპი რიგი ევროპული კომპანიების წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებით იმუქრება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მიზეზი კი აღნიშნული კომპანიების ირანთან ბიზნესის წარმოებაა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ევროპული კომპანიების წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ახლა სწორედ ამას აკეთებს.

ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული ისტორიული შეთანხმებიდან ოფიციალური ვაშინგტონის გამოთიშვის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგ კომპანიებს ირანთან არსებული კონტრაქტების გაუქმება უკვე მოუხდათ. მსხვილ კომპანიებს შორის არიან თვითმფრინავების მწარმოებელი Airbus და Boeing.
ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით ისტორიული შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. დოკუმენტი ოფიციალური თეირანის მხრიდან ურანით გამდიდრების 20 პროცენტამდე შემცირებას, საპასუხოდ კი მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას ითვალისწინებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება რამდენიმე თვის წინ დატოვა. ახლა კი ევროპა დოკუმენტის ძალაში დატოვებას ოფიციალური ვაშინგტონის მონაწილეობის გარეშე ცდილობს.