დონალდ ტრამპი - ქვეყნის ჩაკეტვით სავარაუდოდ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, თუმცა ამას მეორედ ვერ გავაკეთებთ
აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინაააღმდეგო ვაქცინის დამტკიცების შემთხვევაში მასზე წვდომა მოსახლეობას დაუყოვნებლივ ექნება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ჩაკეტვით აშშ-ს მთავრობამ სავარაუდოდ მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა.
„ჩვენ ქვეყანა თავდაპირველად საავადმყოფოების გადავსების თავიდან ასაცილებლად ჩავკეტეთ, თუმცა ამის ხელახლა ვეღარ გავაკეთებთ. ამას ქვეყნისთვის სავალალო ეკონომიკური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კატასტროფულ შედეგებამდე მივყავართ.
ქვეყნის ჩაკეტვით სავარაუდოდ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, თუმცა ამას მეორედ ვერ გავაკეთებთ. ახლა მეტი ვიცით ვირუსის შესახებ და მალე გვექნება წვდომა ვაქცინაზე და სამკურნალო პრეპარატებზე.
ვაქცინის შემუშავება ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ვაქცინის ორი შესაძლო ვარიანტი ამ თვეში კვლევების საბოლოო ეტაპზე გადავა. ამას რეკორდულ ვადებში მივაღწიეთ.
ჩვენ მასიურად ვაწარმოებთ ყველაზე იმედისმომცემ ვაქცინებს და პირველი წარმატებული ვაქცინა დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება. სამხედროები მზად არიან, რომ ვაქცინის გავრცელება დაუყოვნებლივ დაიწყონ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.