დონალდ ტრამპი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ჯერ არ აპირებს
დონალდ ტრამპი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ჯერ არ აპირებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებამოსილება აქვს, თუმცა ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს.
2018 წლის 21 დეკემბერს კონგრესმა ახალი ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა. ამის შემდეგ ქვეყანაში რამდენიმე დეპარტამენტს მუშაობა დროებით შეჩერებული აქვს. განხეთქილების მიზეზი მექსიკის საზღვარზე არსებული ვითარება გახდა. დონალდ ტრამპი საზღვარზე კედლის აშენებისთვის ბიუჯეტში დამატებით ხუთი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან.
ე.წ. „შათდაუნის“ ფარგლებში, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და კონგრესის გვერდის ავლით მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება შეუძლია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. „შათდაუნი“ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდხანს გაგრძელდა.