დონალდ ტრამპი ქალაქ კენოშაში ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღეა, პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის დაჭრის გამო აქციები ტარდება
დონალდ ტრამპი ქალაქ კენოშაში ჩავიდა, სადაც პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის დაჭრის გამო აქციები რამდენიმე დღეა, არ წყდება. პრეზიდენტმა არეულობის შედეგად დაზიანებული უბნები მოინახულა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა.
„მოძალადე ბანდებმა გაანადგურეს ან დააზიანეს სულ მცირე 25 ბიზნესი, დაწვეს საჯარო შენობები, ესროლეს აგურები პოლიციას, რასაც სამართალდამცავები ვერ მოითმენდნენ და ვერ მოითმინეს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, კენოშაში მომხდარი არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ შიდა ტერორიზმია“.
„პოლიტიკური ძალადობის შესაჩერებლად ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ რადიკალურ იდეოლოგიას. უგუნური, ულტრა-მემარცხენე პოლიტიკოსები აგრძელებენ დესტრუქციული გზავნილის გავრცელებს, რომ ჩვენი სამართალდამცველები მოძალადეები და რასისტები არიან. ჩვენ უნდა დავგმოთ პოლიციის წინააღმდეგ მიმართული საშიში რიტორიკა“,- განაცხადა ტრამპმა.
კენოშაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა დაიცვა პოლიცია და გაკიცხა მედია იმის გამო, რომ „ჟურნალისტები უფრო მეტ ყურადღებას პოლიციელების ცუდ საქციელს უთმობენ ხოლმე“.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კენოშაში დაზარალებულ ბიზნესს ოთხ მილიონ დოლარს, ხოლო პოლიციას დამატებით ერთ მილიონს გამოუყოფს. აღსანიშნავია, რომ კენოშაში ჩასული ტრამპი შეხვდა პოლიციის ოფიცრებს, თუმცა არა დაჭრილი ფერადკანიანი მამაკაცის ოჯახის წევრებს. მისივე თქმით, შეხვედრა იმის გამო გადაიდო, რომ ოჯახს ადვოკატების დასწრება სურდათ.
მანამდე „სიენენთან“ ინეტერვიუში პოლიციის მიერ დაჭრილი ჯეიკობ ბლეიქის მამამ, განაცხადა, რომ პოლიტიკაში არ ერევა და პრეზიდენტთან ფოტოსესიაზე მეტად შვილის ჯანმრთელობა აღელვებს, რომელიც ინციდენტის შემდეგ პარალიზებულია.