დონალდ ტრამპი - პუტინს ძალიან კარგად ვიცნობდი, ის არასდროს შევიდოდა უკრაინაში, რომ არა ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ბრიტანეთში ვიზიტისას ყოფილ პოლიტიკოსთან, ტელეწამყვან ნაიჯელ ფარაჯთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს კარგად უგებდა და უკრაინაში ომთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის ქმედებები გააკრიტიკა.
„პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ამ ომს ერთ დღეში დავასრულებდი. ამას 24 საათი დასჭირდება. მე მივაღწევ, რომ ის დასრულდეს. ეს ადვილი იქნებოდა, გარიგება ადვილი იქნებოდა. ეს დიდწილად ფულთან არის დაკავშირებული. ომი უნდა შეჩერდეს, ეს კატასტროფაა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს, გაიმარჯვებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ძალიან კარგი შანსი აქვს. ტრამპმა გააკრიტიკა ჯო ბაიდენი და განაცხადა, რომ ბაიდენმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის ნება მისცა.
„პუტინი არასდროს შევიდოდა უკრაინაში, რომ არა ამჟამინდელი ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობა. პუტინი არ აპირებდა შესვლას, ეს არასდროს იყო ნახსენები და მას ძალიან კარგად ვიცნობდი“, – აღნიშნა ტრამპმა.
ნაიჯელ ფარაჯის კითხვებს დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში ორდღიანი ვიზიტისას უპასუხა. შოტლანდიაში ტრამპი გოლფის მოედნის გახსნას დაესწრო. ამავე ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა დიდი უპატივცემულობა გამოიჩინა, როდესაც ჩარლზ მესამის კორონაციაზე დასწრებაზე უარი თქვა.