დონალდ ტრამპი - პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი
პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა. ჩვენ გვქონდა კარგი საუბარი და მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ, ეს არის ომის მანქანა, თქვენ ომის მანქანას უპირისპირდებით. ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ – ომობენ. მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი, ისინი ომობენ. გაზაფხულის კონტრშეტევა არასდროს დაიწყო. რუსებს აქვთ დადებული მილიონობით ნაღმი და ჰყავთ ათასობით ტანკი. მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ბევრი რუსი დაიღუპება, თუმცა ასევე ბევრი უკრაინელი იღუპება. ეს ყველაფერი არ უნდა მომხდარიყო. ბაიდენს არასდროს უნდა დაეშვა, რომ ეს მომხდარიყო“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა.
დონალდ ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს ომი არ მომხდარა და პუტინი ამას არასდროს გააკეთებდა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამის ორი მიზეზია. ერთი ის, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ნავთობის ფასი დაბალი იყო და რუსეთს ომის წარმოების ფული არ ექნებოდა. ხოლო მეორე მიზეზი, ტრამპის თქმით, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის პროცესის ხილვა იყო.
„ეს პუტინისა და სი ძინპინის მსგავსმა ძლიერმა მამაკაცებმა ნახეს, ძლიერმა ხალხმა, მათ თქვეს, რომ ეს მათი დროა. ამიტომაც, ჩემი აზრით, ის შევიდა უკრაინაში. როდესაც მან ნახა, რა ცუდად ვიმოქმედეთ ავღანეთში, მან თქვა, რომ ეს ხალხი არაკომპეტენტურია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.