დონალდ ტრამპი ნიუ ჯერსის ყოფილ გუბერნატორს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ულოცავს - კრის კრისტის ორ თანაშემწეს თაღლითობის ბრალდება მოეხსნა
დონალდ ტრამპი ნიუ ჯერსის ყოფილ გუბერნატორს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ულოცავს - კრის კრისტის ორ თანაშემწეს თაღლითობის ბრალდება მოეხსნა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ ჯერსის ყოფილ გუბერნატორ კრის კრისტის, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ულოცავს. სასამართლომ ყოფილი გუბერნატორის ორ თანაშემწეს თაღლითობის ბრალდება მოუხსნა. საუბარია 2013 წლის „ბრიჯგეითის“ სკანდალზე, რომელშიც აღნიშნული პირები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

„ვულოცავ ნიუ ჯერსის ყოფილ გუბერნატორ კრის კრისტისა და ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა, სრულ გამართლებას ( 9-0 ხმით უზენაესი სასამართლოსგან) ობამას იუსტიციის დეპარტამენტის თაღლითობა „ბრიჯგეითთან“ დაკავშირებით“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.

როგორც მოსამართლე ელენა კაგანი აღნიშნავს, ბრიჯეტ ენი კელი და უილიამ ბარონი „ვერ შეძლებდნენ დაერღვიათ ფედერალური კანონი თაღლითობის ან თაღლითური საქმიანობის შესახებ, ვინაიდან სქემა არ წარმოადგენდა მიზანს ფულის ან ქონების მოსაპოვებლად“.

სცენარი მოიცავდა ნიუ ჯერსისა და ნიუ იორკის დამაკავშირებელი ჯორჯ ვაშინგტონის ხიდზე ესტაკადის დაკეტვას, რათა მასშტაბური საცობის გამოწვევით, დაესაჯათ ფორტ ლის მერი, იმის გამო, რომ მან 2013 წელს უარი თქვა კრისტის ხელახალი არჩევის დროს მხარდაჭერაზე. ზემოთხსენებული ბრიჯეტ ენი კელი, კრის კრისტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, უილიამ ბარონი კი, ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის პორტების სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, სააგენტოსი, რომლის დაქვემდებარებაშიც შედიოდა აღნიშნული ხიდი.

სკანდალი კრის კრისტის პოლიტიკური კარიერისთვის მნიშვნელოვან დარტყმად შეფასდა, რომელიც იმ დროს, გუბერნატორად მეორე ვადით არჩევას, მომავალში, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის პერსპექტივად განიხილავდა.

კელის გასულ წელს 13 თვით, ბარონს კი 18 თვით პატიმრობა შეეფარდა.