ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „ნიუ იორკ თაიმსის“ გამოქვეყნებული სტატია, რომლის თანახმადაც, აშშ არსებითად ზრდის კიბერთავდასხმებს რუსეთზე, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ ტრამპი „ტვიტერში“ წერს.
„წარმოგიდგენიათ, „ნიუ იორკ თაიმსმა“ მოამზადა სტატია, სადაც აცხადებს, რომ აშშ არსებითად ზრდის კიბერთავდასხმებს რუსეთზე. ეს ღალატის ვირტუალური აქტია ერთ დროს დიდებული გაზეთის მიერ, რომელიც სასოწარკვეთილია ნებისმიერი ამბის მოსაპოვებლად, თუნდაც ის ქვეყნისთვის საზიანო იყოს“,- წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ და აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
პრეზიდენტის თქმით, კორუმპირებული მედია იტყვის და გააკეთებს ყველაფერს შედეგებზე დაფიქრების გარეშე.
„ისინი არიან ნამდვილი მხდალები და ეჭვგარეშე, ხალხის მტრები“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ ხელისუფლებაში არსებულ საკუთარ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები ინტენსიურად ცდილობენ რუსულ ენერგოსისტემებში მავნე პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, რაც რუსეთის „შემაკავებელ“ მექანიზმად განიხილება.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, 2012 წლიდან აშშ უბრალოდ აკვირდებოდა ელექტროენერგეტიკული ქსელების კონტროლის სისტემების მუშაობას. ახლა კი, სტრატეგია შეიცვალა და ბოლო ერთ წელიწადში მათი ქმედებები უფრო აგრესიული გახდა.