დონალდ ტრამპი - ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ უნდა დავიცვათ, გადასახადების გადახდას თავს არიდებენ
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯები უნდა აანაზღაურონ.
„ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ უნდა დავიცვათ, არამხოლოდ საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ (თავდაცვის სფეროში ხარჯების გაზრდას 2 პროცენტამდე, რაც საკმაოდ დაბალია), არამედ მრავალი წელია, გადასახადების გადახდას თავს არიდებენ. აანაზღაურებენ თუ არა ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯებს?“ – აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით გააკეთა.
თეთრი სახლის ლიდერმა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს 2014 წელს, ბუქარესტში მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ აქამდეც არაერთხელ მოუწოდა, რომელიც თავდაცვის სფეროში ხარჯების 2 პროცენტამდე გაზრდას ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთვევაში, დონალდ ტრამპი ნატო-ს პროგრამებში აშშ-ის მონაწილეობის შემცირებით იმუქრება.
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი ახლა ბრიუსელისკენ მიემართება. ის ნატო-ს სამიტს დაესწრება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ბელგიის დედაქალაქში, 11-12 ივლისს ოფიციალურ ვაშინგტონსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის წარმოქმნილი უთანხმოების ფონზე გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, ვაშინგტონმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლითონისა და ფოლადის ექსპორტზე ტარიფები დააწესა. ახლა კი დონალდ ტრამპი ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებით იმუქრება.