დონალდ ტრამპი მზად არის, მიგრანტთა ოჯახების განცალკევების პოლიტიკა დაასრულოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტთა ოჯახების განცალკევების პოლიტიკას დაასრულებს.
„ჩვენ გვსურს მიგრაციის პრობლემის დასრულება. ეს სწორედ ის არის, რაც მე ძალიან მინდა. ხელს მოვაწერ განკარგულებას, რომელიც ამ პრობლემას წერტილს დაუსვამს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია იმ განკარგულების დეტალები, რომელსაც უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს, თუმცა განმარტა, რომ მის მიერ გაცემული აღმასრულებელი განკარგულება მიგრანტი მშობლებისა და შვილების განცალკევების პრობლემას დროებით გადაჭრის.
მისი თქმით, ხისტი საემიგრაციო პოლიტიკა ქვეყნის უსაფრთხოებასა და საზღვრის დაცვას ემსახურება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის არალეგალი მიგრანტების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობა“ მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ჯეფ სეშენსმა გამოაცხადა. არსებული კანონის ფარგლებში, საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო, არალეგალ მიგრანტს ფედერალურ ციხეში ათავსებენ, მის თანმხლებ არასრულწლოვანს კი, სპეციალურ თავშესაფარში, სადაც მათზე სოციალური მუშაკები ზრუნავენ.
ბოლო ერთ თვეში მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე 1700-ზე მეტი ჰონდურასელი, გვატემალელი და სალვადორელი მიგრანტი დააპატიმრეს, 2000-მდე ბავშვი კი, ტეხასის შტატში მდებარე თავშესაფარში გადაიყვანეს. ტრამპის ადმინისტრაციის საემიგრაციო პოლიტიკას ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა. საემიგრაციო კანონის შეცვლას კონგრესში უახლოეს დღეებში უყრიან კენჭს.