აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, ირანის ლიდერს, ჰასან როუჰანის შეხვდეს, თუ იქნება შესაბამისი გარემოებები. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ბიარიცში გამართულმა მოლაპარაკებებმა ასეთი შეხვედრის და მასთან ერთად დონალდ ტრამპისა და ჰასან როუჰანის შორის შეთანხმების პირობები შექმნა. მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ისა და ირანის ლიდერებს შორის შეხვედრა უახლოეს კვირებში გაიმართება.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, ის უკვე ესაუბრა ტელეფონით ჰასან როუჰანის, რომელმაც მას განუცხადა, რომ მზად არის, შეხვდეს ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს, თუ ეს მისი ქვეყნის ინტერესებში იქნება.
აშშ-ისა და ირანს შორის არსებული დაპირისპირება ქალაქ ბიარიცში გამართული სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. 25 აგვისტოს ბიარიცში მოულოდნელად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი ჩავიდა. მისი ვიზიტი საფრანგეთის ლიდერის მიწვევით შედგა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო ამერიკული მხარეც.
პრესკონფერენციაზე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ირანს დიდი პოტენციალის მქონე სახელმწიფო უწოდა და აღნიშნა, რომ სანქციები თეირანს ძალიან აზარალებს. ტრამპის თქმით, ის ფიქრობს, რომ მასთან პრეზიდენტ როუჰანის შეხვედრა და სიტუაციის გამოსწორება სურს.