დონალდ ტრამპი - მომდევნო 30 დღის განმავლობაში წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მომდევნო 30 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ შემუშავებული წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ტრამპის თქმით, მომდევნო ორი კვირა ძალიან მტკივნეული იქნება. მან მოუწოდა მოქალაქეებს, მზად იყვნენ რთული დღეებისთვის. ტრამპმა კორონავირუსს „უხილავი მტერი“ უწოდა.
მისივე თქმით, აშშ-ის მოქალაქეები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან, თუმცა ტრამპის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვირუსი დამარცხდება.
„ეს ვირუსი ბევრ რამეს გვასწავლის. ვფიქრობ, როდესაც ეს ვირუსი დამარცხდება, ჩვენ ბევრს ვისწავლით. მათ შორის უკეთ გავუმკლავდებით გრიპს. უფრო ხშირად დავიბანთ ხელებს, დავიცავთ დისტანციას“, – განაცხადა ტრამპმა.
„სეინენის“ ცნობით, ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის შედეგად 770 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ში ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირების 181 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 3 606 ადამიანი.