დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ტრამპის განცხადებას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
„იმ ფონზე, როდესაც ისმის ცნობები დემონსტრაციების გაგრძელების შესახებ, მე მოგიწოდებთ, რომ ძალადობა არ უნდა იყოს, არ უნდა იყოს კანონდარღვევა და არავითარი ფორმის ვანდალიზმი. ეს არ არის ის, რასაც მე მხარს ვუჭერ. ეს არ არის ის, რასაც ამერიკა უჭერს მხარს. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, დაგვეხმაროს დაძაბულობის განმუხტვაში და სიწყნარის დამყარებაში. მადლობა“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ეს განცხადება მაშინ გაავრცელა, როდესაც კონგრესში მისი იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა მიმდინარეობს. დემოკრატები ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის წაქეზებაში ადანაშაულებენ.