დონალდ ტრამპი მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობას ეხმაურება
დონალდ ტრამპი მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობას ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობას ეხმაურება და სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ის, რაც ახლა ხდება, ერთი დიდი სიცრუეა ამერიკული პოლიტიკის ისტორიაში. დემოკრატებს სურთ, წაგართვან თქვენი იარაღი, თქვენი ჯანდაცვა, თქვენი ხმები, თქვენი თავისუფლება, თქვენი მოსამართლეები. მათ სურთ, წაგართვან ყველაფერი. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე დემოკრატიული პარტია მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ გახდა ცნობილი. საუბრის დროს დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას სთხოვა, დაინტერესებულიყო საქმის გამოძიებით, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და მისი ვაჟი ჰანტერი ფიგურირებენ. დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის დროს, უკრაინაში დაწყებული კორუფციული გამოძიება შეაჩერა, რომელიც იმ კომპანიის საქმეს იკვლევდა, სადაც ჰანტერ ბაიდენი დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.