დონალდ ტრამპი არასრულწლოვანი იმიგრანტების მიმართ დამოკიდებულებას იცვლის
აშშ-ის პრეზიდენტი „მეოცნებეთა“ სახელწოდებით ცნობილი არასრულწლოვანი იმიგრანტების მიმართ, დამოკიდებულებას იცვლის.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ ახალგაზრდებს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.
მედიასაშუალებები წერენ, რომ პრეზიდენტის დამოკიდებულება ბიუჯეტის გარშემო დისკუსიებმა და დემოკრატების მხრიდან ზეწოლამ განაპირობა.
„ეს გარკვეული დროის შემდეგ მოხდება, 10 ან 12 წელიწადში”, – განაცხადა პრეზიდენტმა. რომელმაც „მეოცნებეები“ პირველად მოიხსენია ამერიკული საზოგადოების ნაწილად.
ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს დამკვიდრებული Daca-ს პროგრამა 800 ათასამდე არასრულწლოვან იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავს. მოზარდებს, რომლებმაც აშშ-ის საზღვარი მშობლებთან ერთად, არალეგალური გზით 2007 წლის 15 ივნისის შემდგომ გადაკვეთეს. ამასთან, კანონის ძალაში შესვლის მომენტისთვის, 2012 წლის 15 ივნისისთვის, მათი ასაკი 31 წელს არ აღემატებოდა. აღნიშნული პროგრამის გაუქმება, რომელიც „მეოცნებეებს“ სწავლისა და მუშაობის უფლებასაც ანიჭებს, დონალდ ტრამპის ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა.
სექტემბერში პრეზიდენტი მის გაუქმებას გეგმავდა, თუმცა „მეოცნებე“ ახალგაზრდებს მხარდაჭერა არაერთმა სენატორმა გამოუცხადა. შედეგად, ტრამპმა გაუქმება გადაიფიქრა და კონგრესს 6 თვიანი ვადა მისცა ახალი კანონმდებლობის შესამუშავებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების პირობა დადო.
აღსანიშნავია, რომ ექვსთვიანი ვადა, 5 მარტს იწურება. თუმცა, ახლა პრეზიდენტი ახალგაზრდებს მოუწოდებს არ ინერვიულონ, რადგან მათ დეპორტაცია არ ემუქრებათ.