აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ლონდონის მერის, სადიკ ხანისადმი მიძღვნილი მორიგი კრიტიკული განცხადება გაავრცელა.
დონალდ ტრამპმა გაიზიარა ბრიტანელი ჟურნალისტისა და ბლოგერის, კეტი ჰოპკინსის პოსტი იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ბოლო 20 საათის განმავლობაში თავდასხმების დროს სამი ადამიანი მოკლეს, სამი კი, დაშავდა.
„ლონდონს, რაც შეიძლება მალე, ახალი მერი სჭირდება. ხანი ნამდვილი კატასტროფაა და კიდევ უარესი იქნება!“- დაწერა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ ლონდონის მერი სადიკ ხანი ხშირად აკრიტიკებს დონალდ ტრამპის პოლიტიკას. ივნისის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, ხანმა გამოცემა „ობზერვერში“ გამოაქვეყნა წერილი, სადაც დონალდ ტრამპი მემარჯვენე ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად მოიხსენია. ლონდონის მერის აზრით, ტრამპის ქმედებები ეწინააღმდეგება თავისუფლების იმ იდეალებს, რომლებსაც ამერიკის დემოკრატია ეფუძნება. წერილის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს დონალდ ტრამპმა სადიკ ხანს „ლუზერი“ უწოდა და ურჩია, რომ უფრო მეტი ყურადღება ლონდონში კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას მიაქციოს.