დონალდ ტრამპი - კორონავირუსისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, მოქალაქეებისთვის გადასახადების შემცირებაზე კონგრესთან განხილვებს ვიწყებთ
კორონავირუსისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, მოქალაქეებისთვის გადასახადების შემცირების შესახებ აშშ-ის ადმინისტრაცია კონგრესთან განხილვებს იწყებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, 10 მარტს სენატის და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებთან შეხვედრებზე განხილული იქნება აშშ-ის მოქალაქეებისთვის ხელფასებზე გადასახდის შემცირების ან შემსუბუქების საკითხი.
ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია კონგრესს ასევე შესთავაზებს, რომ არ დაისაჯონ მცირე, საშუალო და დიდი კომპანიები, საათობრივი ხელფასების სფეროში იძულებითი დარღვევისთვის.
„ისინი არ შეიძლება დაისაჯონ იმისთვის, რაც არც მათი და არც მათი ქვეყნის ბრალია. ჩვენ ძლიერი ეკონომიკა გვაქვს. კორონავირუსმა მსოფლიო დააბრმავა, მაგრამ ჩვენ კარგად ვმუშაობთ“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ფედერალური მთავრობა გაუმკლავდება ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულ შედეგებს. აშშ-ის პრეზიდენტმა არ უპასუხა შეკითხვას, გაიკეთა თუ არა ტესტი კორონავირუსზე და ბრიფინგის ოთახი დატოვა.
ამერიკული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპს სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე ადამიანთან, ვისაც შეხება ჰქონდა ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულებთან.