დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა
დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური სიტყვით წარდგა. 

„მე აქ ვდგავარ და მზად ვარ, ვიმუშავო თქვენთან ერთად, ისტორიული მიღწევებისთვის, ყველა ამერიკელისთვის. მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე გვიყურებს ახლა, ამ დარბაზში შეკრებილებს და იმედოვნებს, რომ ჩვენ ვმართავთ ქვეყანას არა როგორც ორი პარტია, არამედ როგორც ერთი ერი. დღის წესრიგი, რომელზეც ვისაუბრებ, არ არის რესპუბლიკელების ან დემოკრატების. ეს არის ამერიკელი ხალხის დღის წესრიგი”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.  

პრეზიდნეტმა კონგრესს მოუწოდა,  ითანამშრომლონ  სამუშაო ადგილების, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, იმიგრაციისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. 

“გამარჯვება ჩვენი პარტიისთვის არ ხდება. გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვისაა“, – განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტს  სიტყვა ტაშით არაერთხელ გააწყვეტინეს. დონალდ ტრამპმა ისაუბრა ეკონომიკურ მიღწევებზე, ჯანდაცვის სისტემის რეფორმაზე, სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობის მნიშვნელობასა და უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე, ახლო აღმოსავლეთსა და საგარეო პოლიტიკაზე.  მათ შორის ხაზი გაუსვა ვენესუელას, როგორც სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე უმდიდრეს ქვეყანას, რომელიც ნიკოლას მადუროს მმართველობის პირობებში  რთულ კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.  

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების  მხარდაჭერა  ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარებულ ხუან გუაიდოს მიმართ.  პრეზიდენტმა  ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ვიეტნამში დაანონსებულ  შეხვედრაზე.