დონალდ ტრამპი - კოგნიტური პრობლემა არ მაქვს, ვითხოვ კოგნიტურ ტესტს ყველასთვის, ვისაც პრეზიდენტობა სურს, ეს არ არის ასაკზე დამოკიდებული
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატმა კოგნიტური ტესტი უნდა ჩააბაროს.
კამალა ჰარისზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა: „მე კოგნიტური პრობლემა არ მაქვს, შესაძლოა, მას ჰქონდეს კოგნიტური პრობლემა. მე ვითხოვ კოგნიტურ ტესტს ყველასთვის, ვისაც პრეზიდენტობა სურს. ეს არ არის ასაკზე დამოკიდებული. მე 80 წლის არ ვარ და ახლოსაც არ ვარ 80-თან. ბაიდენის შემთხვევაში, ის 81 ან 82 წლისაა და ეს ნორმალურია. ისტორიაში გვყავდა უდიდესი ლიდერები, რომლებიც 80 წლის იყვნენ. მე ორჯერ ჩავაბარე კოგნიტური ტესტი და ორივეჯერ საუკეთესო შედეგი ვაჩვენე. ერთ შემთხვევაში ექიმმა თქვა: „არასდროს მინახავს, ვინმეს ასე კარგად ჩაებარებინოს“.
დონალდ ტრამპის თქმით, მას აცნობეს, რომ სავალდებულო კოგნიტური ტესტები არაკონსტიტუციური იქნებოდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ჰარისის საარჩევნო კამპანია მუდმივად აყენებს ეჭვქვეშ ტრამპის კოგნიტურ ჯანმრთელობას და სამედიცინო ჩანაწერების გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს.