დონალდ ტრამპი კითხვაზე, ჰქონდა თუ არა თანამდებობის დატოვების შემდეგ პუტინთან საუბარი - კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს თუ გავაკეთე, ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა, ეპასუხა შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა საუბარი ვლადიმერ პუტინთან 2021 წელს, თანამდებობის დატოვების შემდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი საუბარი თუკი შედგა, გონივრული იქნებოდა.
Bloomberg-ის მთავარი რედაქტორის კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაადასტუროს ანუ უარყოს პუტინთან საუბრის ფაქტი თანამდებობის დატოვების შემდეგ, ტრამპმა უპასუხა:
„მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ. მაგრამ გეტყვით, რომ ეს თუ გავაკეთე, ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა. მე თუ მეგობრული ურთიერთობა მაქვს ადამიანებთან, თუ შემიძლია, ურთიერთობა მქონდეს ადამიანებთან, ეს ქვეყნისთვის კარგია და არა – ცუდი. მას 2000 ბირთვული ქობინი აქვს და ჩვენც. ჩინეთს გაცილებით ნაკლები აქვს, მაგრამ ისინი ხუთ წელიწადში დაგვეწევიან“, – განაცხადა ტრამპმა ინტერვიუს დროს.
ცნობისთვის, Washington Post-ის ჟურნალისტის, ბობ ვუდვორდის ახალი წიგნში ნახსენებია, რომ ტრამპს რამდენჯერმე ჰქონდა საუბარი პუტინთან თეთრი სახლის დატოვების შემდეგ. მოგვიანებით, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავდა.