დონალდ ტრამპი კანადური ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ფილმი „მარტო სახლში 2“ მისი მონაწილეობის გარეშე აჩვენა
დონალდ ტრამპი კანადური ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ფილმი „მარტო სახლში 2“ მისი მონაწილეობის გარეშე აჩვენა

ფილმი არასდროს იქნება იგივე, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი კანადური ტელეკომპანია „სიბისის“ გადაწყვეტილებას, რომელმაც ფილმი „მარტო სახლში 2“ დონალდ ტრამპის მონაწილეობის გარეშე აჩვენა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხუმრობით დაადასტურა რამდენიმე მედიასაშუალების ვერსია, რომ ეპიზოდის წაშლა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან გართულებულ ურთიერთობას უკავშირდება.

„ფილმი არასდროს იქნება იგივე! უბრალოდ ვხუმრობ. ვფიქრობ, ჯასტინ ტრუდოს ძალიან არ მოსწონს, რომ ვაიძულებ, გადაიხადოს ნატო-სთვის და ვაჭრობისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ტრამპმა.

მანამდე კანადურმა ტელეკომპანიამ დაადასტურა, რომ ტრამპის მონაწილეობით ათწამიანი ეპიზოდი ხუთი წლის წინ, სატელევიზიო ვერსიის შემოკლების მიზნით წაშალა. 1992 წელს გადაღებულ ფილმში, ტრამპი მცირე ეპიზოდში ჩნდება, როდესაც მთავარ გმირს, დაკარგულ ბავშვს, კევინს ასწავლის, თუ როგორ მოხვდეს სასტუმროს დერეფანში.