დონალდ ტრამპი - კალიფორნიაში არაკომპეტენტური გუბერნატორი გვყავს, ჩვენს ერთ-ერთ შესანიშნავ შტატს ანადგურებს, სამოქალაქო ომი მოხდება, თუ ყველაფერს მისნაირი ხალხის ხელში დატოვებთ
კალიფორნიის გუბერნატორი ანადგურებს ჩვენს ერთ-ერთ შესანიშნავ შტატს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საინვესტიციო თემაზე გამართული ღონისძიების დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ არაკომპეტენტური გუბერნატორი გვყავს. შეხედეთ, რას აკეთებს კალიფორნიაში. ის ანადგურებს ჩვენს ერთ-ერთ შესანიშნავ შტატს. რომ არ ჩავრეულიყავი, გვარდია რომ არ შეგვეყვანა, და თუ საჭიროა კიდევ უფრო მეტს შევიყვანთ, რადგან ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ კანონი და წესრიგი, კატასტროფა ხდებოდა. ასე რომ, სწორად მოვიქეცით. მთავარი დანაშაული ის იყო, რომ მან გუბერნატორის პოსტზე იყარა კენჭი, რადგან საშინლად ცუდად ასრულებს სამუშაოს. ის, რაც მან შტატს დამართა, ჰგავს იმას, რაც ბაიდენმა დამართა ამ ქვეყანას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, არჩევანი არ ჰქონდა.
„არ მინდოდა, იგივე მეხილა, რაც მრავალჯერ მომხდარა ამ ქვეყანაში. ვნახე მინეაპოლისის გადაწვა. ვნახე, რაც კალიფორნიის სხვადასხვა კუთხეში მრავალჯერ მომხდარა. ნახეთ, რა მოხდა სან დიეგოში. უამრავი ადგილია, რომელთა გადაწვის შესაძლებლობა მივეცით“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია სწორად მოიქცა.
„გვსურს, რომ პოლიტიკურად კორექტულები ვიყოთ. ჩვენ სწორად მოვიქეცით და მოხარული ვარ, რომ ჩავერიეთ. ვფიქრობ, გევინი არ უნდა იყოს ბედნიერი ჩემი ჩარევით. მე არ მსურს სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომი მოხდება, თუ ყველაფერს მისნაირი ხალხის ხელში დატოვებთ“, – განაცხადა ტრამპმა.