დონალდ ტრამპი ჯონ კერის ირანთან ბირთვულ საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას საშინელს უწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის ყველაზე ცუდ მომლაპარაკებლად აფასებს, ირანთან ბირთვულ საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას კი საშინელს უწოდებს.
„ეს იყო საშინელი შეთანხმება. ვინ წარმოიდგენდა, რომ თქვენ 150 მილიონ დოლარს მისცემდით ქვეყანას, რომელიც პატივს არასდროს გვცემდა. კერი შესაძლოა, ყველაზე ცუდი მომლაპარაკებელია, რომელიც ოდესმე მინახავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა კონსერვატორების კონფერენციაზე გამოსვლისას.
2017 წლის ოქტომბერში დონალდ ტრამპმა უარი თქვა, ხელმოწერით დაედასტურებინა, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს კვარტალური დასკვნა, იმის თაობაზე, რომ ირანი ბირთვული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.
პრეზიდენტის თქმით, თეთრი სახლი კონგრესთან ერთად იმუშავებს იმ ხარვეზების გამოსწორებაზე, რასაც ირანთან საერთაშორისო ექვსეულის მიერ, 2015 წლის 14 ივლისს მიღწეული შეთანხმება შეიცავს.
ამ შეთანხმების სანაცვლოდ, ირანმა უარი თქვა ბირთვულ ამბიციებზე, სანაცვლოდ კი, საერთაშორისო სანქციების ეტაპობრივად მოხსნის პირობა მიიღო.