დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თარიღის გადაწევისთვის აკრიტიკებს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თარიღის გადაწევისთვის აკრიტიკებს.
ტრამპის ოფისის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავღანეთიდან გამოსვლის თარიღად 11 სექტემბრის განსაზღვრა ორი მიზეზით არის არასწორი. განცხადების მიხედვით, ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა უფრო ადრეა შესაძლებელი და ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯარისკაცები სამშობლოში 11 სექტემბრამდე უნდა დააბრუნოს.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მეორე მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ ამერიკელებისთვის 2001 წლის 11 სექტემბერი ნიუ-იორკში და ვაშინგტონში დაღუპული ადამიანების ხსოვნის და მწუხარების დღედ უნდა დარჩეს.
2020 წელს, ყატარში, აშშ-მა და ავღანურმა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც ავღანეთიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანას 14 თვეში ითვალისწინებს, რის შემდეგაც შიდა ავღანური დიალოგი უნდა დაიწყოს.