დონალდ ტრამპი ითხოვს, სენატში მისი იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა დაუყოვნებლივ დაინიშნოს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს, რომ აშშ-ის სენატში დაუყოვნებლივ დაინიშნოს მისი იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.
„მას შემდეგ, რაც დემოკრატებმა წარმომადგენლობით პალატაში ვერ უზრუნველყვეს საჭირო პროცესი, არც იურისტები, არც მოწმეები, არაფერი, ახლა მათ სურთ მითითებები მისცენ სენატს, როგორ ჩაატარონ პროცედურა. საერთო ჯამში, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ. ვითხოვ, დაუყონებლივ დაიწყოს პროცესი“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის თქმით, დემოკრატებმა წარმომადგენლობით პალატაში ერთი რესპუბლიკელის ხმის მოპოვებაც კი ვერ შეძლეს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რესპუბლიკელები ასეთი ერთიანები არასდროს ყოფილან.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეში მის წინააღმდეგ ბრალდებები დაამტკიცა. აშშ-ის პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და კონგრესის მუშაობისას ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. ორ ბრალდებას წარმომადგენელთა პალატამ ცალ-ცალკე უყარა კენჭი.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტის პოსტზე დარჩენასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სენატმა უნდა მიიღოს, სადაც ტრამპის თანაპარტიელები, რესპუბლიკელები უმრავლესობას ფლობენ. სენატში იმპიჩმენტის პროცედურა იანვარში დაიწყება.