დონალდ ტრამპი ისრაელს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას ულოცავს. როგორც ვიდეომიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც თავად აქვს უფლება განსაზღვროს, რომელი იქნება მისი დედაქალაქი.
„ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც, როგორც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს უფლება, განსაზღვროს, რომელიც იქნება მისი დედაქალაქი. თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ არ ვაღიარებდით აშკარა, მარტივ რეალობას, რომ ისრაელის დედაქალაქი იერუსალიმია.
2017 წლის 6 დეკემბერს, ჩემი განკარგულებით, აშშ-მა საბოლოოდ და ოფიციალურად აღიარა იერუსალიმი ისრაელის ნამდვილ დედაქალაქად. დღეს, ამ აღიარების შესაბამისად, ჩვენ იერუსალიმის ისტორიულ და წმინდა მიწაზე ჩვენს საელჩოს ვხსნით, დაგეგმილზე მრავალი წლით ადრე“, – ამბობს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და კვლავ უჭერს მხარს იერუსალიმის წმინდა ადგილების სტატუს-კვოს.
იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა. დიპლომატიური მისიის თელ-ავივიდან გადატანის გასაპროტესტებლად ღაზას საზღვართან ათასობით პალესტინელი შეიკრიბა. აქციაზე მომხდარ შეტაკებებს 40-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.