დონალდ ტრამპი - „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის სავარაუდო მემკვიდრე ლიკვიდირებულია
დონალდ ტრამპი - „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის სავარაუდო მემკვიდრე ლიკვიდირებულია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სავარაუდო მემკვიდრე ამერიკელი სამხედროების მიერ ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ახლახანს დაადასტურეს, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პირველი მემკვიდრე განადგურებულია ამერიკული ჯარების მიერ. დიდი ალბათობით, ის დაიკავებდა უმაღლეს პოსტს. ახლა ისიც მკვდარია“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.

დონალდ ტრამპს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სავარაუდო მემკვიდრის ვინაობა არ დაუსახელებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ 27 ოქტომბერს განაცხადა. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი სირიის იდლიბის პროვინციაში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერთან ერთად ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. პრესსპიკერი, აბუ ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირი. სწორედ აბუ ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირი მოიაზრებოდა ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის სავარაუდო მემკვიდრედ.