დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებების გასამართად სანქციების გაუქმებას არ აპირებს
აშშ არ მოუხსნის ირანს სანქციებს მოლაპარაკებების გასამართად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ირანს სურს აშშ-სთან მოლაპარაკებები, თუმცა უნდა, რომ სანქციები გაუქმდეს. არა, გმადლობთ!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ ინგლისურად და სპარსულად.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ამგვარად დონალდ ტრამპი სავარაუდოდ გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამედ ჯავად ზარიფის ინტერვიუს გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“.
გამოცემასთან საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა არ გამორიცხა.
აშშ-ის პრეზიდენტს ირანელმა დიპლომატმა ასევე „ტვიტერით“ უპასუხა. ზარიფმა დონალდ ტრამპს ურჩია, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომენტარები და გადაწყვეტილებები ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთოს და არა „ფოქს ნიუსის“ სათაურებზე და სპარსულის თარჯიმნებზე დაყრდნობით.