დონალდ ტრამპი - ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ენბისი-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ომი არ სურს და მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა იმ შემთვევაში თუ კონფლიქტი მაინც წარმოიშვება, ირანი განადგურდება.
ამასთან ერთად, ინტერვიუს დროს დონალდ ტრმპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილ ავიაიერიშზეც ისაუბრა, რომელიც მან ბოლო მომენტში გააუქმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას შეატყობინეს, რომ საჰაერო შეტევას 150 ირანელი შეეწირებოდა. ეს კი არ მოეწონა და გადაწყვეტილება შეცვალა.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაიძაბა. ცოტა ხნის წინ ომანის ყურეში ნავთობის ტანკერებზე თავდასხმა განხორციელდა.
ვაშინგტონმა მომხდარში თეირანი დაადანაშაულა და რეგიონში ვითარების გამწვავების ფონზე სამხედრო კონტიგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ირანი აშშ-ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.