დონალდ ტრამპი ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ქვეყანა აშშ-ის ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად არის.
რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა “პანდორას ყუთის” გახსნა იქნება.
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა თეირანმა და საერთაშორისო „ექვსეულმა“ (აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი) 2015 წელს შეათანხმეს. აშშ-ის პრეზიდენტს არაერთხელ გაუკრიტიკებია მისი წინამორბედის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს ირანთან მიღწეული შეთანხმება. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ შეთანხმება მომავალში ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.