ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ირანში მიმდინარე აქციების მონაწილეებს. ამის აშშ-ის ლიდერმა Twitter-ზე დაწერა.
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანის ხელისუფლებამ წარმატებას ვერ მიაღწია, ხალხმა კი უკეთესი ცხოვრება დაიმსახურა.
“ირანელი ხალხი მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რეპრესიებს, ირანელებს საკვები და თავისუფლება სურთ. მიმდინარეობს ირანის სიმდიდრის მიტაცება, ირღვევა ადამიანის უფლებები”, – აცხადებს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ირანში ცვლილებების დროა.
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 12 ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეები ირანში ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ, ასევე ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.
საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ, ოთხი დღის წინ ქალაქ მაშჰადში დაიწყო და შემდეგ რამდენიმე დიდი ქალაქი მოიცვა.
ხელისუფლება დემონსტრაციების ორგანიზებაში “ირანის რევოლუციის მოწინააღმდეგეებს” და “უცხოეთის ჯაშუშებს” ადანაშაულებს.