დონალდ ტრამპი - ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა
დონალდ ტრამპი - ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა

ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„როიტერი“ წერს, რომ დონალდ ტრამპის განცხადება ირანის არმიის ელიტური დანაყოფის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ, ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდება.

პარალელურად ვრცელდება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თეირანმა უპილოტო საფრენ აპარატთან დაკავშირებით დიპლომატიური, პოლიტიკური და იურიდიული არხებით გაეროში საჩივარი წარადგინა.

ირანულმა მედიამ 20 ივნისს დაწერა, რომ რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით ქვეყნის სამხრეთში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მოგვიანებით აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება დაადასტურა. ამერიკელმა სამხედროებმა თქვეს, რომ საფრენი აპარატი ორმუზის სრუტის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.