დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მომდევნო კვირამდე გამოაცხადებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობს, რომელსაც მომდევნო კვირამდე გამოაცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, ერთი დღით ადრე, ტრამპის მიერ 2015 წელს ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას მოჰყვა.
„იმაში დასარწმუნებლად, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ აქვს, მაქსიმალურად ვართ ჩართულები და ყველა ღონეს ვხმარობთ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა.
მისივე თქმით, აშშ ირანზე მაქსიმალური ზეწოლის მოხდენას გეგმავს, სანქციები კი, რომელზეც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს, უმკაცრესი იქნება.
„ყველა სანქცია, რომელიც 2015 წლის შეთანხმებამდე მოქმედებდა, ძალაში ბრუნდება და ჩვენ დამატებითი ზომების მიღებაზეც ვმუშაობთ, რომლის შესახებაც მომდევნო კვირამდე გახდება ცნობილი“, – განაცხადა სარა სანდერსმა.